რეცენზია: Manufacturing Consent

მსოფლიოს მოწინავე დისიდენტის, სოციალური მოაზროვნის და ლინგვისტის, ნოამ ჩომსკის და პროფესორი ედვარდ ს. ჰერმანის ეს ნაშრომი პირველად 1988 წელს გამოიცა (მეორე გამოცემა 2002), თუმცა იმ წიგნების სიას მიეკუთვნება, რომელთაც დღეს კიდევ უფრო მეტი აქტუალობა გააჩნიათ.

ჩომსკიმ და ჰერმანმა კვლევა (სრული დასახელება Manufacturing Consent: The Political Economy of the Mass Media) ამერიკული მასმედიის ერთ-ერთ გამორჩეულ პრობლემას, კორპორატიული და პოლიტიკური ძალაუფლების მიმართ მორჩილებას, დაუთმეს, რომელიც უკვე აშკარა იყო მე-20 საუკუნის ბოლოს, თუმცა სრულიად ფენომენალური მასშტაბი და ღია ფორმები მიიღო 2000-იანი წლებიდან დღემდე. ნაშრომის აქტუალობას ხაზს უსვამს კომერციული და პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოქმედი მედიის შემზღუდავი სარედაქციო პოლიტიკა და დღის წესრიგის განსაზღვრის მეთოდები, რომლებიც მუდმივად კრიტიკის ქვეშაა დამოუკიდებელი თეორეტიკოსების, თავისუფალი მედიის და მისი მკითხველებისგან.

წიგნში ჩომსკი და ჰერმანი წარმოადგენენ პროპაგანდის მოდელს, რომელიც მათ სხვადასხვა მონაცემის საფუძველზე შეიმუშავეს და რომელზე დამყარებითაც ისინი მედია საშუალებების მიერ სხვადასხვა საერთაშორისო მოვლენის გაშუქებას კრიტიკული განხილვის ქვეშ აქცევენ. მათი მოდელის შემადგენელი ნაწილია ღირებულ და უღირს მსხვერპლთა თეორია, რომლის მიხედვითაც, აშშ-ს მეინსტრიმული მედია მსოფლიოს მასშტაბით ამბების განხილვისას (ან მათი იგნორირების არჩევისას) ხელმძღვანელობს პრინციპით, რომ მათი (და შესაბამისად, აშშ-ს მოსახლეობის) ყურადღების ღირსი მხოლოდ ის საზოგადოებრივი ჯგუფი ან პიროვნებაა, რომელთა პოლიტიკა ან პოზიცია შეერთებული შტატების ინტერესს ემსახურება, სხვა დანარჩენს კი იგნორირება, ან, უკეთეს შემთხვევაში, უკანა გვერდებზე გაკვრით ხსენება ერგება წილად. კიდევ ერთი თეორია, ლეგიტიმიზაცია vs მესამე მსოფლიოში გამართული უაზრო არჩევნები, მედიის მიერ მსოფლიოს განვითარებად სახელმწიფოებში შემდგარი ან შეუმდგარი დემოკრატიული არჩევნების განხილვას შეეხება და მსგავს პრინციპს მისდევს, რომლის ფარგლებშიც მედია საშუალებები ცდილობენ, აშშ-ს ინტერესების გამტარებელ სახელმწიფოებში დიდი დარღვევებით გამართული არჩევნები დემოკრატიულად და სამართლებრივად წარმოაჩინონ, აშშ-ს პოლიტიკასთან თანხვედრაში არმყოფი ქვეყნების სრულიად გამართული და დემოკრატიული პროცესები კი დააკნინონ, ან იგნორირება გაუწიონ.

ხუთი საერთაშორისო კონფლიქტის მონაწილე მხარეთა და მსხვერპლთა მიმართ გამოყენებული ტერმინი “გენოციდის” სტატისტიკური შედარება წამყვან ამერიკულ მედია გამოცემებში. წყარო: Manufacturing Consent

სხვა საკითხები, რომლებიც წიგნში კრიტიკის ქვეშ მოექცა, ჟურნალისტების შეიარაღებულ ძალებში ჩართვით ამბების მხოლოდ ოფიციალური ვერსიის გახმაურება და მეინსტრიმული მედიის მიერ დამოუკიდებელ სახელმწიფოებში ინტერვენციის პროცესის კრიტიკის გარეშე მიღებაა. ამ მაგალითებს ავტორები 1960-იანი და 1970-იანი წლების ინდოჩინეთის და 1980-იანი წლების ცენტრალური ამერიკის კონფლიქტების ფონზე არჩევენ, ჩვენ კი ახლო აღმოსავლეთის ომების მაგალითზე გვაქვს. გარჩეულია ინტერვენციის მზადების და შესრულებისას მედიის მიერ მორგებული მორჩილი როლი საზოგადოების თანხმობის მოპოვებასა და გამყარებაში და წამყვანი მედია საშუალებების (Los Angeles Times, New York Times, Washington Post, Newsweek, Time) მიერ ამ მიზნით გამოყენებული მეთოდები, მაგალითად საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის ახალ ამბებსა და მოსაზრების სვეტებში გამოყენებულ ტერმინთა სტატისტიკური შედარება სხვადასხვა საერთაშორისო მოვლენისას. ნაშრომში გამოყენებულია როგორც მსგავსი სტატისტიკური ანალიზი, ისე ისეთი გადამწყვეტი და წინააღმდეგობრივი მოვლენების განხილვა, როგორიცაა ტონკინის ყურეს ინციდენტი.

როგორც ავტორთა პროპაგანდის მოდელის და თეორიების, ისე მთლიანად წიგნის დამახასიათებელი ნიშანია ძლიერი ფაქტობრივი შემადგენელი ნაწილი და ყურადღება დეტალების მიმართ (ნიშნები, რომლებიც კარგადაა ნაცნობი ჩომსკის სტატიებისა და ნაშრომების მკითხველთა და მისი ლექციების მსმენელთათვის). Manufacturing Consent უმნიშვნელოვანესი მედია კვლევაა, რომელიც სახელმწიფო და სოციალური თეორიით და მედიით დაინტერესებული ნებისმიერი მკითხველისთვის საინტერესო იქნება.

მოდის ინდუსტრიის ტყვეობაში

ხომ წაგიკითხავთ ინტერვიუები, რომლებშიც მოდელები ამტკიცებენ, რომ ბევრს მიირთვამენ? ეს ტყუილია. ერთადერთი საშუალება, რომ ასეთი გამხდრები იყვნენ, შიმშილია. ისინი ქაღალდის ნაგლეჯებს ჭამენ, რომ შიმშილის შემოტევები მოიგერიონ. პირდაპირი მნიშვნელობით, ქაღალდს ამრგვალებენ და ყლაპავენ.

- კირსტი კლემენტსი,
ავსტრალიური ვოგის ყოფილი რედაქტორი

გასული წლის განმავლობაში მოდის ინდუსტრია, სილამაზის რეკლამა და ანორექსია აქტუალური საზოგადო დისკუსიის თემები იყო. გამოქვეყნდა შვედური კლინიკის წარმომადგენლის სკანდალური მონაყოლი სამოდელო სააგენტოების წარმომადგენლების მიერ ანორექსიით დაავადებული პაციენტების აყვანის მცდელობების შესახებ, ავსტრალიური ვოგის ყოფილი რედაქტორის სტატია მოდის ინდუსტრიის დამალულ საკითხებზე და გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაციების დამოუკიდებელი კამპანიების გამოსვლები მოდის და სილამაზის შესახებ ჯანმრთელი წარმოდგენების გასავრცელებლად.

მოდა საზოგადოებისთვის ხშირად წარმოდგენილია, როგორც ხელოვნება კლასიკური გაგებით – ჟურნალები, სააგენტოები, ბლოგები და სატელევიზიო გადაცემები ჰყვებიან დიზაინერების, მოდელების, რედაქტორების, როგორც ხელოვანთა შესახებ და ქმნიან ლეგენდებს მათ გავლენაზე ან დატოვებულ კვალზე. ამ ყოვლისმომცველი პროპაგანდის გარემო იმდენად ინტენსიურია, რომ როგორც მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლები, ისე განსაკუთრებით მოდით დაინტერესებული ახალგაზრდა თაობები ხშირად სრულიად ბრმავდებიან აშკარა ხიფათის და პრობლემური კითხვების მიმართ. დაუმთავრებელი, ყოვლისმომცველი და თვალისმომჭრელი რეკლამების და გლამურის პროპაგანდის ფონზე რამდენად ხშირად გინახავთ დისკუსია ისეთ კითხვებზე, როგორიცაა: შეიძლება ხელოვნება დისკრიმინაციული იყოს? შეიძლება ესთეტიკა მხოლოდ ზოგიერთის უფლებად რჩებოდეს, იმას გარდა, რომ ისინი ამ უფლებას ჯანმრთელობის რისკის ფასად იღებენ? შეიძლება მრავალფეროვან, განსხვავებულ საზოგადოებას მედია მხოლოდ ერთი კუთხით დანახულ სურათით კვებავდეს?

რეალურად, დღევანდელი მოდის ხელოვნება ვიწრო, ელიტისტური წრის კუთვნილება გახდა, ახალგაზრდა თაობების უდიდეს ნაწილს კი მხოლოდ ამ ესთეტიკის მიმართ აღფრთოვანების და მიბაძვის ფუნქცია დარჩა. დამოუკიდებელი დიზაინერების არა-კომერციული შემოქმედება მხოლოდ მათ ნაცნობთა წრისათვის რჩება ცნობილი, რადგან ფართო ცნობადობას მხოლოდ ის იღებს, რასაც ფული მოაქვს. ხელოვანების ასეთი შეზღუდვის გარდა, ინდუსტრიალიზებული მოდა ამყარებს მცდარ სტერეოტიპებს (სილამაზის ზომებში, პროპორციებში და ციფრებში მოქცევა), უწყობს ხელს დისკრიმინაციას (ყველაზე პრესტიჟული და გავრცელებული მოდური გამოცემების რამდენი ფოტოგადაღება ნახეთ 2013 წელს ჭორფლიანი, სათვალიანი, შავკანიანი, plus size მოდელების მონაწილეობით, სტანდარტულ ფოტოსესიებთან შედარებით?) და უქმნის ხიფათს ახალგაზრდა, ფსიქოლოგიურად სუსტი და ადვილად დამორჩილებადი მოდელების ჯანმრთელობას.

ეს უკანასკნელი ფაქტორი – კვების დარღვევების და მასთან დაკავშირებული დაავადებების ზრდადი პრობლემა – წინა წლებშიც ხშირად განიხილებოდა. დიზაინერები უარს ამბობენ, მუდმივად შემცირებად, საერთო ზომაზე დიდი ტანსაცმელი შეკერონ; მოდელები ამ მინიატურულ კოსტიუმებში ჩასატევად სახიფათო დონემდე შიმშილობენ, თინეიჯერები კი შედეგად მათ ფოტოგადაღებებში ნანახ, ძვლებამდე დასულ ფიზიოლოგიას აიდეალებენ. როგორც ავსტრალიური ვოგის ყოფილი რედაქტორის კირსტი კლემენტსის The Guardian-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ჩანს, პრობლემის ფენომენი კიდევ უფრო აშკარაა, როდესაც მოდის ინდუსტრიას შიგნიდან ხედავთ:

ეს ნამდვილი ჩაკეტილი წრეა. მოდელი, რომელიც რამდენიმე კილოგრამს მოიმატებს, კასტინგზე საერთო ზომის ტანსაცმელში ვეღარ ეტევა და სააგენტოსგან საყვედურს იღებს. ის დიეტაზე ჯდება, წონაში იკლებს და იღებს კომპლიმენტებს მის გარეგნობაზე. თუმცა იმის ნაცვლად, რომ ამ წონაზე დარჩეს და ის ზომიერი დიეტით და ვარჯიშით შეინარჩუნოს, ფიქრობს, რომ წონაში კიდევ მეტად დაკლება უფრო სასურველს გახდის. მას არავინ ეუბნება, რომ შეჩერდეს.

კლემენტსის თქმით, არაჯანმრთელად გამხდარი მოდელების ჟურნალისთვის შერჩევის წინააღმდეგ მის პროტესტს არავინ უსმენდა. რედაქტორი სამუშაოს 2012 წლის მაისში ჩამოაშორეს, თუმცა 27 წლის განმავლობაში მოდის ბიზნესში მუშაობის შედეგად არაერთი ისტორია დაუგროვდა. ინდუსტრიის ავადმყოფური მიდრეკილებების კიდევ ერთი მაგალითი შვედური საავადმყოფოს ზემოთხსენებული ამბით გახდა ცნობილი. კლინიკის წარმომადგენელმა 2013 წლის აპრილში ბრიტანული გამოცემა Metro-ს რეპორტიორებს უთხრა:

სამოდელო სააგენტოს წარმომადგენლები ჩვენი კლინიკის გარეთ იდგნენ და მკურნალობისთვის საავადმყოფოში მოსული გოგონების მოდელებად აყვანას ცდილობდნენ – მათ იციან, რომ აქ ანორექსიული პაციენტები გვყავს.

ზოგჯერ ინდუსტრიის მიერ ჯანმრთელობის მძიმე პრობლემებამდე მიყვანილი მოდელები თავად ჰყვებიან საკუთარ ისტორიებს მას შემდეგ, რაც ჩაკეტილი წრიდან გამოდიან. გეორგინა უილკინი სამოდელო სააგენტოში 15 წლისა აიყვანეს მას შემდეგ, რაც აგენტმა ლონდონში შეამჩნია. ის სამოდელო კარიერის პერსპექტივებით აღფრთოვანებული იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც სააგენტოს მოთხოვნებს დაჰყვა და წლები გაატარა შიმშილთან მიახლოვებულ დიეტაზე, საავადმყოფოში ანორექსიის დიაგნოზით მოხვდა და ექიმებს არც დაუმალავთ, რომ მისი სასიცოცხლო ორგანოები დატვირთვას ვერ უძლებდა, გულს და თირკმელებს კი ნებისმიერ დროს შეიძლებოდა მუშაობა შეეწყვიტათ.

აგენტები და სტილისტები ხშირად მეუბნებოდნენ: ‘ბევრად მეტს მიაღწევ, ცოტა რომ დაიკლო’ ან ‘დიდი პოტენციალი გაქვს, თუმცა კარგი იქნებოდა, ტრენაჟორებზე რომ შეხვიდოდე.’ ასეთი სიტყვები ახალგაზრდა გოგოს ფსიქიკაში ღრმად ილექება.

კლემენტსის თქმით, ინდუსტრიაში ასეთი ისტორიები ბევრად მეტია, მაგრამ ინსაიდერები მათ არ აღიარებენ და მით უმეტეს, არ ჰყვებიან. თუმცა პრობლემების მასშტაბი ამბების მხოლოდ ნაწილის გავრცელების შედეგადაც კი აშკარა ხდება. ამ პრობლემებიდან ყოველ ცალკეულს საკუთარი ნიუანსი აქვს, თუმცა – ისევე, როგორც ინდუსტრიალიზებული და მასობრივ წარმოებაზე შემჯდარი ცხოვრების სხვა სფეროებში – მთავარი, საერთო პრობლემა თვით ინდუსტრიულობაშია, ფულის და ბიზნესის ადამიანურ ინტერესზე მაღლა დაყენებაში. თუ დიზაინერს და ბრენდს სარეკლამოდ ან ფულის დასაზოგად ტანსაცმლის საერთო, მცირე ზომა სჭირდება, არავინ სვამს კითხვას სისტემის შეცვლაზე, რადგან ბევრად უფრო ადვილია, თინეიჯერი მოდელები აშიმშილო, რომ ტანსაცმელს მოერგონ და არა პირიქით.

ვერავინ გეტყვით, რომ plus size მოდელები – დამყარებულ მინიმალურ ზომებზე მეტი პროპორციების მქონე მანეკენები – ფოტოგადაღებებს არამიმზიდველს ხდიან. მათი მონაწილეობით იშვიათად გამოჩენილი ფოტოსესიებით ადვილია ამის საწინააღმდეგოში დარწმუნება. აიღეთ ავსტრალიელი რობინ ლოულის გადაღება GQ-სთვის. საკუთარი მაგალითით შემიძლია ვთქვა, რომ იმის მიუხედავად, რომ ზოგადად გამხდარი გოგოები მომწონს, არავითარი განსაკუთრებული ძალისხმევა არ სჭირდება ლოულის მსგავსი გოგოებით მოხიბლვას. პრობლემა არა მათში, არამედ ინდუსტრიაშია, რომელიც ცდილობს, ადამიანები მოარგოს საკუთარ სტანდარტებს. ინდუსტრიას არ აინტერესებს, რომ საკუთარი მშვენიერება ყველას გააჩნია – გამხდარს, plus ზომიანს, დიდცხვირიანს, პატარა მკერდიანს, ჭორფლიანს და ტატუებით მოხატულს. ამ ცხოვრებისეული მრავალფეროვნების ხელოვნური შეზღუდვა ანტი-ჰუმანურია, ხოლო თუ მას ჯანრმთელობის ზემოთნახსენების მსგავს დაღვევებამდე და რისკამდე მივყავართ, დანაშაულიც.

ამ სრულიად დეპრესიულ, დანაშაულებრივ გარემოში ძალიან რთული ხდება რაიმე პოზიტიურის შემჩნევა, თუმცა, მაღალი მოდის ელიტისტური და ბიზნესზე მიბმული წრეების მაგივრად დამოუკიდებელ მედია გამოცემებზე, ხელოვანებზე და მოდით, როგორც ადამიანური ხელოვნებით დაინტერესებულ ადამიანებზე დაკვირვება ხშირად იძლევა ოპტიმიზმის საშუალებას. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია Body Gossip-ის წარმომადგენელი ნატაშა დევონი ამბობს,

თუკი სოციალურ მედიას გადაავლებთ თვალს, დაინახავთ უზარმაზარ საზოგადოებას ადამიანებისა, რომელთაც რეკლამა და სილამაზის ინდუსტრია ყელში აქვთ ამოსული. მათ რევოლუცია სურთ. დრო იცვლება.

რეცენზია: Inside WikiLeaks

WikiLeaks-ის და ორგანიზაციის დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის ფენომენი უკანასკნელი წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი საერთაშორისო თემა გახდა. თვით WikiLeaks-ის გარშემო მიმდინარე მოვლენების გარდა, ორგანიზაციის საქმიანობამ გაცილებით ფართოდ ცნობილი გახადა სახელმწიფო და კორპორატიული ორგანიზაციების მიერ ჩადენილი დარღვევების გამომააშკარავებელი ადამიანების მუშაობა და სავარაუდოდ, ხელიც შეუწყო სხვა მსგავსი მოვლენების დადგომას (მაგ. 2013 წლის ზაფხულში ამერიკის ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლის ედვარდ სნოუდენის მიერ სააგენტოს საიდუმლო სადაზვერვო საქმიანობაზე ინფორმაციის გამოაშკარავებას).

WikiLeaks-ის მიერ ფართომასშტაბიანი მუშაობის დაწყების შემდეგ გასული სამი წლის განმავლობაში ორგანიზაციაზე დაიწერა უამრავი სტატია და დაიბეჭდა არაერთი წიგნი. ასანჟის დაფუძნებული პროექტის შესახებ ფილმიც კი გამოვიდა. თუმცა გამჭვირვალობისთვის მებრძოლი და საიდუმლოებით მოცული ორგანიზაციის შესახებ

დანიელ დომშაიტ-ბერგი. Photograph: theaustralian.com.au
დანიელ დომშაიტ-ბერგი. Photograph: theaustralian.com.au

ყველაზე ფასდაუდებელი მასში მომუშავე ადამიანთა მონაყოლი და ე.წ. ინსაიდერული ინფორმაციაა. ამ მხრივ გამოსული წიგნებიდან ერთ-ერთი საინტერესო ნაშრომია WikiLeaks-ის ყოფილი პრეს-სპიკერი დანიელ დომშაიტ-ბერგის Inside WikiLeaks. წიგნი ორგანიზაციის პირველ წლებზე, ფართო საზოგადოებრივი ცნობადობის მოპოვებაზე, შიდა კონფლიქტების გაჩენაზე და ავტორის მიერ მისი რიგების დატოვებაზე ჰყვება და კრიტიკულად აფასებს თავად ასანჟის პიროვნებას.

დომშაიტ-ბერგმა WikiLeaks სწორედ ასანჟთან კონფლიქტის შედეგად დატოვა, რის გამოც არაერთი მკითხველი მის წიგნს სუბიექტურობისთვის აკრიტიკებს, თუმცა ნაშრომში ასანჟის შესახებ მოყვანილი კრიტიკული ნაწილები კარგად ესადაგება WikiLeaks-ის ცნობილი დამფუძნებლის პიროვნული ხასიათის გახმაურებულ და ცნობილ სირთულეებს (რომელთაგან უახლესი 2013 წლის ივნისის ბოლო დღეებში ზემოთხსენებული ედვარდ სნოუდენის საქმის გარშემო მოხდა და ასანჟსა და სნოუდენისთვის პოლიტიკური თავშესაფრის დაშვების განმხილველი სახელმწიფოს, ეკვადორის ხელისუფლებას შორის კონფლიქტის საბაბიც გახდა).

Inside WikiLeaks-ის ავტორი ორგანიზაციას 2007 წელს, ინფორმაციის თავისუფლების იდეებით და ასანჟის პიროვნებით შთაგონებული შეუერთდა და 2010 წლის შემოდგომამდე ამ პროექტის ხელმძღვანელთან ახლო თანამშრომლობაში მუშაობდა. დომშაიტ-ბერგი ჰყვება, რომ WikiLeaks-ის რიგებში მისი შესვლისას ეს მცირერიცხოვანი და თითქმის უცნობი პროექტი იყო, თუმცა, რამდენიმე კორპორაციის შესახებ ინფორმაციის გამოაშკარავების შემდეგ საზოგადოებაში როგორც ორგანიზაციის, ისე მისი ავსტრალილი დამფუძნებლის სახელი სახელმწიფო სტრუქტურებისა და კორპორაციების გასაიდუმლოებული პოლიტიკის წინააღმდეგ მოქმედების სიმბოლო გახდა. WikiLeaks-ის პირველი გახმაურებული საქმე 2008 წლის იანვარში შედგა, როდესაც ორგანიზაციამ ინფორმირებული წყაროსგან ერთ-ერთ შვეიცარიულ ბანკში სახელმწიფო გადასახადებისგან მიმალული თანხის შესახებ ინფორმაცია მიიღო. მასალის გახმაურების შემდეგ ჯერ კიდევ უცნობ ორგანიზაციას ელექტრონული ფოსტით შვეიცარიული ბანკის ინტერესების დამცველმა იურისტმა მუქარით სავსე შეტყობინება გაუგზავნა, რომელშიც წყაროს დასახელებას და საიტიდან ინფორმაციის ამოღებას ითხოვდა:

შეტყობინებაზე პასუხი გავგზავნეთ, რომელშიც იურისტს მეტ სპეფიციურობას ვთხოვდით და ვატყობინებდით, რომ ეს იმის დასადგენად გვჭირდებოდა, თუ რომელი ადვოკატი შეგვერჩია ამ საქმისთვის იურისტების ჩვენი არსენალიდან. რა თქმა უნდა, სინამდვილეში ადვოკატების დიდი არჩევანისგან შორს ვიყავით. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მხოლოდ ერთი მოხალისე იურისტი ქალბატონი გვეხმარებოდა, რომელმაც თავისი სამსახური უფასოდ შემოგვთავაზა … თუმცა გარესამყაროს ყოველთვის ისე ვაჩვენებდით თავს, თითქოს უზარმაზარი იურიდიული დეპარტამენტი გაგვაჩნდა.

შვეიცარიული ბანკის საქმემ WikiLeaks-ს პირველი გამარჯვება და სახელი მოუტანა. თანდათან ასანჟს და მის მცირერიცხოვან ჯგუფს მეტი და მეტი საქმე გაუჩნდა, თუმცა გაზრდილ წარმატებასთან ერთად თანდათან პრობლემებიც წარმოიშვა. ყოველდღიური და ცხოვრებისეული კონფლიქტების გარდა ჩნდებოდა უფრო სერიოზული საკითხებიც – ასანჟის ავტორიტარიზმი, მის მიერ გადაწყვეტილებების დაუსაბუთებლობა, თანამშრომლების დაუფასებლობა და სხვა. WikiLeaks შორს იყო იმ მონოლითურობისგან, რომელსაც ასანჟი მედიასთან ურთიერთობისას ხატავდა, საზოგადოების და პრესის მთელ ყურადღებას კი ის სწორედ საკუთარი პიროვნებისკენ მიმართავდა.

ლიდერის და თანამშრომლების კონფლიქტები პრაქტიკულად ყველა საკითხს შეეხებოდა, დონორებისგან მიღებული თანხის ოპტიმალური ხარჯვიდან, ინფრასტრუქტურის გამოყენების, განვითარების და ზოგადი სტრატეგიის თემებამდე:

ჩემმა მეგობარმა გოგონამ უსაფრთხო და დაშიფრული ტელეფონები, ე.წ. კრიპტოფონები გვიყიდა და ამ ტელეფონებში უზარმაზარი თანხა გადაიხადა … თვეების შემდეგ, ისლანდიაში ყოფნისას აღმოვაჩინე, რომ ჯულიანი ამ ასტრონომიულად ძვირი ტელეფონების ჩვენი საერთო ნაცნობისთვის 1200 ევროდ მიყიდვას ცდილობდა. იმის გარდა, რომ ტელეფონები მას არ ეკუთვნოდა, ეს მათი ღირებულების უმცირეს წილად გაყიდვის მცდელობა იყო პიროვნებაზე, რომელსაც მათი საყიდელი ფული არ გააჩნდა.

საბოლოოდ, კონფლიქტების ზრდის და საერთო შეუთანხმებლობის შედეგად, დომშაიტ-ბერგმა და კიდევ რამდენიმე თანამშრომელმა WikiLeaks დატოვა.

უნდა აღინიშნოს, რომ წიგნის ავტორი ასანჟის პიროვნების პოზიტიურ მხარეებსაც აღნიშნავს და ბევრ შემთხვევაში ახერხებს, ავსტრალიელის ნათელი იდეები და ინფორმაციის თავისუფლებისთვის მესიანისტური ბრძოლა კარგად წარმოაჩინოს. რაც შეეხება მის მიერ ორგანიზაციის დამფუძნებლის კრიტიკას, დომშაიტ-ბერგის მიერ ასანჟის ეგოცენტრული პიროვნების აღწერა რაიმე მოულოდნელობას არ წარმოადგენს – ავსტრალიელის ეს თვისება მის ყოველ საზოგადო გამოსვლაში ჩანს და ალბათ ეს ფაქტი დომშაიტ-ბერგის მიმართ გამოთქმული კრიტიკის დიდ ნაწილს უკუაგდებს. თვით ასანჟისა და სხვა თანამშრომლების საინტერესოდ ჩვენების გარდა, დომშაიტ-ბერგი ჰაკერული გაერთიანებების და ინფორმაციული თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანების ცხოვრების არაერთ საინტერესო ამბავსაც აღწერს. Inside WikiLeaks ამ საკითხებით დაინტერესებული ნებისმიერი მკითხველისთვის იქნება საინტერესო.

“ქალური ლოგიკა” და “პროპაგანდა”

ამა წლის 21 და 22 მარტის შემთხვევებს – ტელეკომპანია იმედის ეთერში გასულ გადაცემა ქალურ ლოგიკას და “უფლებადამცველი” ნანა კაკაბაძის მიერ ჰომოსექსუალიზმის დასჯადობის (თეორიულ) მხარდაჭერას – ბევრი ჩვენგანი შეეხო დისკუსიებში.

“ქალური ლოგიკის” შესახებ Facebook-ზე გამოქვეყნებული ჩემი კრიტიკული კომენტარი მოგვიანებით ნაცნობებთან გავარჩიე და აღმოვაჩინე, რომ ზოგი მათგანი ამ გადაცემის მიმართ სრულებით ნეიტრალურადაა განწყობილი: მათი აზრით, ის სტერეოტიპები, რომლებსაც შოუში ესმება ხაზი, მხოლოდ იქ მიწვეულ ადამიანებს შეეხება. ეს დიდი შეცდომაა, გამომდინარე იქიდან, რომ: (1) გადაცემის სახელწოდება ნათლად უსვამს ხაზს მასში წარმოდგენილი შინაარსის სიმბოლურ კუთვნილებას და (2) საზოგადოებაში, რომელშიც ქალთა ინტელექტის მიმართ არასწორი სტერეოტიპები ისედაც მყარადაა გამჯდარი, ასეთი შინაარსის გადაცემა ისევ ამ სტერეოტიპების გამყარებას ემსახურება და არა ცალკეული პირების მიმართ იუმორის გამოხატვის მიზანს. ტელეკომპანიის მიერ ამ ფორმით გადმოცემული შინაარსი იუმორის ფარგლებს ბევრად სცილდება. ამას შეიძლება, ზოგი რიგითი მოქალაქე ვერ ხვდებოდეს, მაგრამ მედია-პროექტის დამაარსებელი/ხელმძღვანელი, რომელიც კარგად უნდა იცნობდეს ეთიკის ნორმებს, ასეთ შემთხვევას არ უნდა უშვებდეს.

კაკაბაძის ასავალ-დასავალში გამოქვეყნებული სტატიაც შეიძლება ბევრმა ლოკალურ შემთხვევად და ერთი ადამიანის არასწორი ხედვის პრობლემად დაინახოს, მაგრამ ფაქტი, რომ უფლებადამცველის სტატუსით მოსარგებლე ადამიანი სექსუალური ორიენტაციის გარკვეული ჯგუფის მიმართ აბსოლუტურად დისკრიმინაციულ განცხადებას აკეთებს, არ შეიძლება მხოლოდ მის პრობლემად იქნას გარჩეული – ამ ნაბიჯის გადადგმას უფლებადამცველად წოდებული ადამიანები მხოლოდ იმ საზოგადოებაში თვლიან უპრობლემოდ, რომელიც არასაკმარისად მკაცრად უდგება სხვისი უფლებების/თავისუფლების შეზღუდვის გამოვლინებებს და რომელშიც უბრალოდ არ არსებობს ჩამოყალიბებული სამოქალაქო და ჰუმანური პრინციპები.

მეორე, რისი აღნიშვნაც შეიძლება: გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კაკაბაძემ ინტერვიუში ფრაზა „მამათმავლობის, ლესბოსელობის, ტრანსსექსუალობის პროპაგანდა“ გამოიყენა. ასეთი შეფასება სხვებისგანაც გამიგია და ჩემი აზრით, ამ ხედვის მიზეზი და არასწორი ხასიათი მარტივად ასახსნელია: ათწლეულების განმავლობაში ეს საზოგადოება მხოლოდ ჰეტეროსექსუალური/ტრადიციული აღქმიდან დანახულ მდგომარეობას ადევნებდა თვალს და ახლა, როდესაც სოციალურ გარემოში და მედიაში ჰომოსექსუალებმა და ტრანსგენდერებმა როლები მიიღეს და ჰეტეროსექსუალების გვერდიგვერდ ჩანან, ეს გარემო ტრადიციული მენტალიტეტის პიროვნებებისთვის იმდენად ახალია, რომ ამ მდგომარეობაში ისინი ხედავენ პროპაგანდას და არა ბალანსს – მდგომარეობას, როდესაც ყველა სქესის, სარწმუნოების, ორიენტაციის ადამიანი თანაბარი უფლებებით სარგებლობს. რაც უფრო მალე გახდება მათი ეს ცდომილება დისკრიმინაციული პოზიციის გამომხატველი პირებისთვის გასაგები, მით უფრო მალე გაიაზრებენ ისინი არსებულ მდგომარეობას.